logo
ENG



"არსებითად გაუარესებული უფლებრივი მდგომარეობა" - სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიში

10 დეკ 202113:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/10/wucmavwbve13274.png

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესებულია. 

მათი თქმით, 2021 წელს ქვეყანა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით შეხვდა, რომელიც ვერც საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით გაფორმებულმა 19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ განმუხტა და ვერც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა.

ორგანიზაცია თავის შემაჯამებელ ანგარიშს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, გადაუჭრელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების არადემოკრატიულმა მცდელობებმა, პანდემიამ, ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფლაციამ არსებითად გააუარესა მოქალაქეების ყოფა და უფლებრივი მდგომარეობა.

"აშკარაა, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალურ კონფლიქტსა და უკმაყოფილებას სახელმწიფო ვერ პასუხობს გრძელვადიანი სოციალური და სამართლებრივი რეფორმებით, რაც საბოლოოდ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს ქმნის და სოციალურ უიმედობას იწვევს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისზე დაფუძნებული დღის წესრიგიდან სრულად აღმოჩნდა გამოტოვებული:

  • პანდემიის შემაშფოთებელი ადამიანური და სოციალური შედეგები;
  • ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ინფლაციის უპრეცედენტო მასშტაბების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული რეფორმების საკითხები.

შემაჯამებელ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზაცია განსაკუთრებით საგრძნობი იყო თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების სამუშაო სტრატეგიები საგანგებო მდგომარეობის პერსპექტივას უფრო დაეფუძნა, რომელშიც სრულად იყო იგნორირებული რეგიონებისა და ქალაქების რეალური გამოწვევები და საჭიროებები. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს თვითმმართველ ერთეულებში ოპოზიციონერი დეპუტატების ზეწოლასა და გადმობირებაზე, რასაც მმართველი პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის აკეთებს.

მათი შეფასებით კი, პოლიტიკური პოლარიზების გარემომ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში მიმდინარე რთულმა და არადემოკრატიულმა შიდა პროცესებმა არსებითად დააზიანა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი:

"პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან ისმოდა შემაშფოთებელი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესები კი აშკარად კრიზისშია შესული, რასაც არა ერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული მძიმე და საგანგაშო განცხადებაც ადასტურებს".

გარდა ამისა, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად პრობლემური იყო, რაც მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასა და გამოცხადებული შიმშილობის ფონზე ადეკვატურ სამედიცინო მოპყრობაზე უარს უკავშირდებოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ ჩანაწერებზეც და ამბობს, რომ ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა პოლიტიკურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ Სახელმწიფო ვალის გაზრდის ხარჯზე გაჩენილი ანტი-კრიზისული დახმარებები და პირდაპირი ფულადი კომპენსაციები მათზე, ვინც პანდემიური შეზღუდვების დროს სამსახური დაკარგა, გარკვეულწილად პასუხობდა Მწვავე სოციალურ და ეკონომიკური კრიზისს ქვეყანაში. თუმცა სახელმწიფოსთვის ისევ სირთულეს წარმოადგენს როგორც არაფორმალურად დასაქმებულთა სოციალური დაცვა, ისე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მასშტაბურ გაფიცვებსა და მშრომელთა სხვადასხვა სახის პროტესტზე.

ერთ-ერთ მწავე პრობლემა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების რადიკალიზებისა და ძალადობის პრობლემა აღმოჩნდა. შემაჯამაბეელ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ
წლების განმავლობაში ამ ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლურმა პოლიტიკამ და დაუსჯელობამ, კიდევ უფრო გაზარდა ამ ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები.

"ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელი 2021 წლის 5-6 ივლისს, პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვლენილი მასობრივი, წინასწარ ორგანიზებული ძალადობა ალტ-ინფოს ჯგუფის ლიდერების მხრიდან, რასაც 52 ჟურნალისტის უფლების და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, მათ შორის, რამდენიმე მათგანის მიმართ ძალადობა მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების გამოძიება ამ დრომდე ფრაგმენტულად მიმდინარეობს და აშკარად არ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებს. ამ ფონზე სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა ამ ჯგუფების მიერ პარტიებისა და ტელევიზიების დაფუძნება და ინსტიტუციური პოლიტიკის ველში მკვეთრად ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალების შემოსვლა".

სრული ანგარიში იხილეთ აქ.


close დახურვა